X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

20 აგვისტო 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებოდით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან ზაუტაშვილთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობაც დაათვალიერა და სამუშაოების პროგრესსა და ტემპს გაეცნო.

ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება და სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„ასევე შევაფასეთ მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი.  გვაქვს იმედი, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.

მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.